ავტორიზაცია
ატმოსფეროს აეროზოლების ზოგადი დახასიათება და მათი გავლენა გარემოზე
ავტორი: ავთანდილი ტურძილაძესაკვანძო სიტყვები: აეროზოლები, აქროლადი ორგანული ნაერთები, მეორადი ორგანული აეროზოლები, მას სპექტრომეტრია
ანოტაცია:
ატმოსფეროს აეროზოლები, რომლებიც თავის მხრივ წარმოადგენენ ჰაერში სუსპენდირებული მყარი ან თხევადი ნაწილაკების სისტემას, თამაშობენ მნიშვნელოვან როლს გარემოში მიმდინარე უამრავ პროცესში. აეროზოლებს გააჩნიათ უნარი აირეკლონ ან შთანთქონ მზიდან დედამიწაზე წამოსული გამოსხივება, გავლენა მოახდინონ ღრუბლების ფორმირებაზე და მონაწილეობა მიიღონ ატმოსფეროში მიმდინარე ჰეტეროგენულ რეაქციებში. აეროზოლები საბოლოო ჯამში, გავლენას ახდენენ სათბურის აირების გლობალურ კონცენტრაციაზე და შესაბამისად დედმიწის რადიაციულ ბალანსზე და კლიმატზე. ატმოსფეროს აეროზოლებს ასევე შეუძლიათ გავლენა მოახდინონ ადამიანის ჯანმრთელობაზე. დღესდღეობით კარგადაა შესწავლილი აეროზოლების უარყოფითი ეფექტები ჯამრთელობაზე, რომელიც გამოიხატება რესპირატორული და კარდიოვასკულარული სისტემის დაზიანებაში. მაგრამ მაინც ბოლომდე არაა გამოკვლეული აეროზოლების რეალური გავლენა კლიმატზე და ადამიანის ჯანმრთელობაზე, რაც გამოწვეულია აეროზოლების წარმომშვები წყაროების, შემადგენლობის, გარდაქმნის მექანიზმების შესახებ არასრულყოფილი ცოდნით. ატმოსფეროს აეროზოლები წარმოიშვება სხვადასხვა სახის ბუნებრივი ან ანთროპოგენული წყაროების მეშვეობით. პირველადი ნაწილაკები პირდაპირ ემიტირდებინ წყაროებიდან და რჩებიან ატმოსფეროში, მაშინ როცა მეორადი აეროზოლები წარმოიქმნებიან გაზ-ფაზური გარდაქმნების შედეგად კონდენსაციისა თუ ჰეტეროგენული რეაქვიების მეშვეობით. წინამდებარე ნაშრომი წარმოადგენს ატმოსფეროს აეროზოლების ზოგად დახასიათებას. მასში მიმოხილულია როგორც ნაწილაკების წარმომშვები წყაროები და ფორმირების პროცესები ასევე აეროზოლების გავლენა გარემოზე გლობალური თვალთახედვით და კვლევის თანამედროვე ინსტრუმენტული მეთოდები.
მიმაგრებული ფაილები:
Avtandil_Turdziladze.ENG.pdf [en]ავთანდილ_ტურძილაძე.GEO [ka]