ka | en
Company Slogan TODO

მაგნიტური სითხეების დამაგნიტების ინტერპოლაციური თეორია

ავტორი: არჩილი უგულავა
თანაავტორები: ს. ჩხაიძე, გ. მჭედლიშვილი
საკვანძო სიტყვები: ფერომაგნეტიზმი, სუპერპარამაგნეტიზმი, ნანონაწილაკები
ანოტაცია:

ზოგიერთი ნანონაწილაკის მაგნიტური ანიზოტროპიის შინაგანი ენერგია შეიძლება მნიშვნელოვნად აღემატებოდეს სითბურ ენერგიას ოთახის ტემპერატურაზე. ცნობილია, რომ ველის არარსებობის პირობებში, მაგნიტურ ნანოსითხეებში ნაწილაკების მაგნიტური ანიზოტროპიის ღერძები ქაოსურადაა მიმართული, ხოლო საკმაოდ ძლიერი ველის გავლენით ისინი პოლარიზდებიან - ჩნდება ე.წ. მექანიკური ანიზოტროპიის მდგომარეობა. ნაჩვენებია, რომ დამაგნიტების მრუდს ამ მდგომარეობაში აქვს ჰიპერბოლური ტანგენსის მსგავსი განსაკუთრებული ფორმა. ჩვენს მიერ წარმოდგენილ მოდელში მაგნიტური ნანოსითხე შედგება ნაწილაკების ცვლადი რიცხვის მქონე ორი ქვესისტემისაგან (კომპონენტისაგან) - ქაოსურ და დაპოლარებულ ღერძების მქონე ნაწილაკებისაგან. მაგნიტური ველის ცვლილებასთან ერთად იცვლება ნაწილაკთა რიცხვი ქვესისტემებში, რასაც მოსდევს მთელი მაგნიტური სითხის დამაგნიტების ცვლილება. ქვესისტემების ქიმიური პოტენციალების ტოლობიდან ველის მოცემული მნიშვნელობისათვის განსაზღვრულია მაგნიტური სითხის ინტერპოლაციური ფორმულა. ნაჩვენებია, რომ ორკომპონენტიან მოდელზე დაფუძნებული დამაგნიტების მრუდი მდებარეობს ლანჟევენისა და ჰიპერბოლური ტანგენსის მრუდებს შორის და ანიზოტროპიის ზრდასთან ერთად სულ უფრო მეტად იღებს ჰიპერბოლური ტანგენსის ფორმას. ნაჩვენებია აგრეთვე, რომ ძლიერი მაგნიტური ანიზოტროპიის შემთხვევაში დამაგნიტების გაჯერობა უფრო ადრე ხდება, ვიდრე ეს გამომდინარეობს ლანჟევენის თეორიიდან. ამავე დროს მნიშვნელოვნად იზრდება კიურის კონსტანტა.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com