ka | en
Company Slogan TODO

უთხოვარი (Taxus baccata L.) დიდი კავკასიონის სუბალპებში: ანატომიურ-ეკოლოგიური თავისებურებები სიმაღლებრივი გავრცელების ზედა ზღვარზე

ავტორი: არნოლდ გეგეჭკორი
საკვანძო სიტყვები: დიდი კავკასიონი, კირქვიანები, სუბალპების ბუჩქნარი უთხოვრიანები
ანოტაცია:

გვარი Taxus L. (Taxaceae) 9 სახეობით რელიქტური წიწვოვანი ხემცენარეა. გავრცელებულები არიან ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერ სარტყელში. T. baccata-ს აქვს ფართო არეალი (630N-330N). ჩვეულებრივ გვხვდება მცირერიცხოვანი კორომების ანდა ერთეული ხეების სახით, მეტწილად ზ. დ. 650-1,900 მეტრის ფარგლებში [1]. საქართველოში უთხოვრის სიმაღლებრივი გავრცელების ზღვრად მიჩნეული იყო 2,000-2050 მეტრი [2]. უკანასკნელ დროს (2014-2016), ინტერდისციპლინური კვლევისას გაირკვა, რომ დიდი კავკასიონის კირქვიან მასივებში უთხოვარი ვრცელდება ზ. დ. 2,300 მ სიმაღლის ჩათვლით. ტანდაბალი ხის (8-10მ) გავრცელების ზღვრული სიმაღლე 1,800 მეტრია (მთა მინგარია, დას. საქართველო), სუბალპურ სარტყელში ტანდაბალი ბუჩქისა (1-1,5 მ) კი - 2,300 მ (ოხაჩქუეს კირქვიანები, დას. საქართველო). მსგავსი სასიცოცხლო ფორმა დეკიანებში (Rh. caucasicum) გვხვდება. უთხოვრის ყველაზე უჩვეულო საბინადრო გარემო მაინც ხვამლის (ლეჩხუმი) კირქვიანებში, ზ.დ. 2002 მეტრზე, ერთგვარ მინიატურულ პლატოზე დავაფიქსირეთ. უთხოვრის ამ ნიადაგზე გართხმულ კორომში წარმოდგენილია თითო-ოროლა, 5-6 მ სიმაღლის სწორტანიანი ინდივიდებიც. მოკლებულია რა ტყის კალთის ჩრდილს, აქაურობა, პირიქით, მზის სხივებით უხვად არის განათებული. აღსანიშნავია, რომ ეკოტონის (ტყისა და სუბალპური ბალახეულის თავშესაყარი) მსგავსს ადგილსამყოფელში უთხოვრის გართხმული რაყა დომინირებს მაღალმთის სხვა, ძირითადად ენდემურ და რელიქტურ მცენარეებზე (მაგ., Rhamnus imeretina). სუბალპებში უთხოვარი კარგავს თესლით რეპროდუქციის უნარს და ათობით მეტრზე გართხმული ბუჩქნარი მრავლდება ვეგეტატიურად. შესაძლებელია, ბუნებრივი კლონირებით წარმოქმნილი მთელი ეს რაყა ერთი საერთო წინაპარი ფორმის შვილეული პოპულაცია იყოს. ხვამლის სუბალპების მინიატურული პლატო, ალბათ, ერთადერთია საქართველოს (ან კავკასიის) კირქვიანებში, სადაც უთხოვრის ესოდენ ჰომოგენური, კლონურად გამრავლებადი პოპულაცია ხარობს. ცნობილია ბაწარას ხეობის გიგანტური ხეებისგან შემდგარი უთხოვრიანი ტყე. ამიტომ, როგორც ოხაჩქუეში (2,300მ) მოზარდი, ისე ხვამლის (2,002მ) რელიქტური უთხოვრიანები, გარემოსთნ შეგუების თვალსაზრისით წარმოადგენენ დიდ მეცნიერულ ღირებულებას. უთხოვრის წიწვების უჯრედებში აღმოჩენილ იქნა ფიტოქიმიურ ნივთიერება - ტაქსოლი. მასზე, როგორც ანტიკანცერული თვისების მქონე ნივთიერებაზე, დიდი მოთხოვნილებაა თანამედროვე მედიცინაში.


მიმაგრებული ფაილები:

European yew (Taxus baccata L.) in subalpine zone of the Greater Caucasus: anatomical-ecological peculiarities of upper limit distribution [en]
უთხოვარი (Taxus baccata L.) დიდი კავკასიონის სუბალპებში: ანატომიურ-ეკოლოგიური თავისებურებები სიმაღლებრივი გავრცელების ზედა ზღვარზე [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com