ავტორიზაცია
ცივ-გომბორის ქედის ზედაცარცული ნალექების სედიმენტოლოგიური და პალეოიქნოლოგიური კვლევა
ავტორი: ზურაბ ლებანიძეთანაავტორები: რატი ზედგინიძე, თამარ ბერიძე
საკვანძო სიტყვები: იქნოფაუნა, ზედაცარცული, საბუეს წყება, იქნოსახე
ანოტაცია:
2016 წლის საველე სამუშაოების პერიოდში ჩვენს მიერ შესწავლილ იქნა ცივ-გომბორის ქედის ჩრდილო ფერდის ზედაცარცული ნალექების რამდენიმე ჭრილი სედიმენტოლოგიური კვლევის და მათში იქნოფაუნის დადგენის მიზნით. ა. ცაგარელის (1954), ნ. მრევლიშვილის (1997) მონაცემებით და ჩვენი დაკვირვებით საკვლევ რაიონში ზედაცარცული ფლიშური ნალექების ჭრილი ზოგადად შემდეგნაირად გამოიყურება: უძველესი წარმონაქმნია უკუღმართის წყება, რომელიც თანხმობით აგრძელებს ქვედაცარცული (ალბური) ასაკის ნავთისხევის წყებას და აგებულია კონგლომერატებით, ტუფქვიშაქვებით, პოლიმიქტური ქვიშაქვებით, მერგელოვანი ფიქლებით და მერგელებით. წყება მოიცავს ქვედა სენომანს და შუა სენომანის ქვედა ნაწილს. სტრატიგრაფიულად ზევით თანხმობით განლაგებული ანანურის წყება სამად ნაწილდება: ქვედა ნაწილი წარმოდგენილია 4-45 მ სიმძლავრის გაკაჟებული ფიქლების, ქვიშაქვების და გრაველიტების დასტით, რომელიც შუა სენომანის ზედა ნაწილს და ზედა სენომანს შეესატყვისება. დამახასიათებელი შავი სილიციტები წყების შუა ნაწილშია წარმოდგენილი (4-55 მ), რომლებიც მათზე განლაგებულ გაკაჟებული კირქვების, მერგელების და ქვიშაქვების დასტასთან (6-35 მ) ერთად ქვედა ტურონულს მიეკუთვნება. ანანურის წყებას თანხმობით აგრძელებს 40 მ-მდე სიმძლავრის ზედატურონული მარგალიტისკლდის წყება, რომელიც აგებულია დამახასიათებელი წითელი და ვარდისფერი შეფერილობის კირქვების, მერგელების და გრაველიტების მორიგეობით. ზევით მას თანდათანობით ცვლის მოყვითალო-თეთრი ფერის ლითოგრაფიული კირქვებისა და მერგელების მორიგეობა - ეშმაკისხევის წყება. წყება ხასიათდება ცვალებადი სიმძლავრით (30-350 მ) და კონიაკურ-ქვედასანტონურად თარიღდება. კარბონატულია ზედასანტონურ -ქვედაკამპანური ნალექებიც - მარცვლოვანი კირქვების და ფერადი (მწვანე და წითელი) მერგელების მორიგეობა (25-40 მ), რომელსაც ჯორჭის წყების სახელით აღწერენ. ზედა ცარცულის ჭრილი მთავრდება ზედაკამპანურ-მაასტრიხტული ასაკის საბუეს წყებით, რომელიც უთანხმოდ არის განლაგებული ჯორჭის წყების ქანებზე ან უფრო ძველ ნალექებზე. წყება აგებულია კირქვებით, ქვიშიანი კირქვებით, კარბონატული ქვიშაქვებით, მიკროკონგლომერატებით და ბრექჩიებით. სისქე 25-200 მ-ია. ამრიგად, აღნიშნული ნალექები, შედგენილობისა და მასალის წყაროს მიხედვით, ხასიათდებიან რა ფლიშისთვის დამახასიათებელი ყველა თვისებით, წარმოადგენენ ერთიან კლასტურ-კარბონატულ ფლიშურ ფორმაციას. ცივ-გომბორის ქედის ჩრდილო ფერდის ფარგლებში ჩვენს მიერ ნამარხი ნაკვალევები დადგენილია კახეთის ზონის ჩრდილო (მდ. ხოდაშნისხევის, თურდოს და ქისისხევის ჭრილები) და სამხრეთ (მდ. ჭერემისხევის და ფაფრისხევის ჭრილები) ნაწილებში. პირველში ნამარხი ნაკვალევები გვხვდება ჯორჭის და საბუეს წყებების ქანებში, ხოლო მეორეში - კამპანურ-მაასტრიხტული ორბიტოიდული წყების ფლიშური ფაციესის ქანებში. ცივ-გომბორის ქედის ზედაცარცულ ნალექებში ჩვენს მიერ წინასწარი განსაზღვრით დადგენილია იქნოგვარების Chondrites (2 იქნოსახე), Halopoa (1იქნოსახე), Ophiomorpha (2 იქნოსახე) Phycosiphon (1 იქნოსახე), ? Scolicia (1 იქნოსახე), Thalasinoides (1 იქნოსახე) წარმომადგენლები. განსაკუთრებით მრავალრიცხოვანია Halopoa imbricata Torell-ის ნაკვალევები. ა. ცაგარელის სანტონ-მაასტრიხტულის ფაციესების და პალეოგეოგრაფიის რუკის (1954, ნახ. 33) მიხედვით კახეთის ზონა ორბიტოიდული წყების კირქვების, მერგელების და უხეშნატეხოვანი ქანების ფაციესის განვითარების გამო წარმოადგენდა გაგრა-ჯავის ხმელეთის ნაპირის მიმდებარე მარჩხწყლიან აუზს. თუმცა იქნოკომპლექსის შემადგენლობის ანალიზი გვაფიქრებინებს, რომ აუზში იყო ხმელეთიდან საკმაოდ დაშორებული უბნები, სადაც იქმნებოდა ხელსაყრელი პირობები ჰორიზონტული ნამარხი ნაკვალევების განვითარებისა და განამარხებისათვის. აუზის ამ ნაწილის მკვებავი არეს სამხრეთ მდებარეობას ადასტურებს აგრეთვე ჩვენს მიერ მდ. ხოდაშნისხევის ჭრილში ნანახი ნადენი ფორმების წაწვეტებული ბოლოების ჩრდილო-დასავლური (NW 2900) მიმართულება.
მიმაგრებული ფაილები:
Sedimentological and Paleoichnological Study of the Upper Cretaceous Sediments of the Tsiv-Gombori Range [en]ცივ-გომბორის ქედის ზედაცარცული ნალექების სედიმენტოლოგიური და პალეოიქნოლოგიური კვლევა [ka]