ავტორიზაცია
მონოციტების ფაგოციტური უნარის შეფასება ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემიის მქონე პაციენტებში
ავტორი: თამარ ცერცვაძეთანაავტორები: ა. ბილანიშვილი ნ. მიცკევიჩ, ნ. ფორაქიშვილი
საკვანძო სიტყვები: ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემია, CD180, TLR
ანოტაცია:
მონოციტების ფაგოციტური უნარის შეფასება ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემიის მქონე პაციენტებში ავტორი: თამარ ცერცვაძე თანაავტორები: ა. ბილანიშვილი1, ნ. მიცკევიჩი1, დ.ღირდალაძე2, ნ. ფორაქიშვილი1 1ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო 2ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტი, თბილისი, საქართველო ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემია (ქლლ) – ლეიკემიის ყველაზე გავრცელებული ფორმაა აშშ-სა და ევროპაში, საქართველოს ჩათვლით. ლეიკემიასთან დაკავშირებული სიმპტომოკომპლექსის გარდა, ქლლ პაციენტებს ახასიათებთ ინფექციური დაავადებებით მაღალი ავადობა რომელიც შეიძლება იყოს გამოწვეული როგორც ლეიკემიის პროგრესირებით, ასევე ქიმიოთერაპიით, და მიუთითებს შეძენილ იმუნოდეფიციტზე. იმუნოდეფიციტი მოიცავს როგოც ადაპტურ, ასევე თანდაყოლილ იმუნურ პასუხებს, მათ შორის მონოციტების ანტიმიკრობულ ფუნქციებს. ამასთანავე მონოციტები მონაწილეობენ ანტისიმსივნურ იმუნოთერაპიაში, განაპირობებენ რა თერაპიული ანტისხეულებით ოფსონირებული სიმსივნური უჯრედის Fcγ-რეცეპტორ (FcγR)-გაშუალებულ ფაგოციტოზს. ჩვენი კვლევის მიზანს წარმოადგენდა ქლლ-ის დროს შეგვესწავლა პერიფერული სისხლის მონოციტების ფაგოციტური ფუნქცია, და დაგვედგინა ბისპეციფიური ანტისხეულის უნარი გამოიწვიოს ქლლ უჯრედების ფაგოციტოზი. შევისწავლეთ ex vivo გამოყოფილი და G-CSF და IFNγ ციტოკინებით აქტივირებული მონოციტების მიერ ოფსონიზებული და არაოფსონიზებული Staphylococcus aureus -ის შთანთქმის უნარი. ასევე დავადგინეთ Fсγ რეცეპტორების და თოლ-მსგავსი რეცეპტორის CD180-ის ექსპრესიის პროფილი მონოციტებზე; მიღებული შედეგების თანახმად, ქლლ-ით დაავადებულებში, ჯანმრთელ საკონტროლო ჯგუფთან შედარებით, ადგილი აქვს მონოციტების მიერ Staphylococcus aureus -ის მიერთებისა და შთანთქმის ფუნქციის მნიშვნელოვან დაქვეითებას (ფლუორესცენციის საშუალო ინტენსივობა (ფსი)=3030±616 დონორებში, ფსი=1360±230 დაავადებულებში, p=0.0076). რომელიც G-CSF და IFNγ ციტოკინებით სტიმულაციისას კიდევ უფრო ღრმავდება (ფლუორესცენციის საშუალო ინტენსივობა (ფსი)=1460±467 არასტიმულირებული, ფსი=546±119 სტიმულირებული, p=0.03). აგრეთვე აღინიშნება Fcγ-რეცეპტორების CD64 და CD180-ის ექსპრესიის დაქვეითება, რაც ასუსტებს მონოციტების ანტიბაქტერიულ იმუნურ პასუხებს. CD32 ექსპრესია კი, პირიქით, ქლლ უჯრედებზე მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. ჩვენს მიერ მოპოვებული მონაცემები საშუალებას იძლევა დაიგეგმოს ქლლ-ს დროს მონოციტების ფუნქციური აქტივობის კორექციის მიმართულება, რათა შესაძლებელი გახდეს, ერთის მხრივ, ქლლ ინფექციური გართულებების მიმართ მგრძნობელობის მიზეზების აღმოფხვრა, მეორეს მხრივ კი, ქლლ-ს საწინააღმდეგოდ ეფექტური იმუნოთერაპიული მეთოდების შემუშავება. *კვლევა განხორციელდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.
მიმაგრებული ფაილები:
მონოციტების ფაგოციტური უნარის შეფასება ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემიის მქონე პაციენტებში [ka]Phagocytic Function of monocytes in chronic lymphocytic leukemia [en]