ავტორიზაცია
ნეიტრონოთერაპიის ზოგიერთი საკითხი
ავტორი: სოფო ქინქლაძესაკვანძო სიტყვები: დოდეკაბორანი, სიმსივნე, ნეიტრონოთერაპია, კარბორანი
ანოტაცია:
სიმსივნის სხივური თერაპიის იდეა და პირველი პრაქტიკული გამოყენება ეკუთვნის ცოლ-ქმარ პიერ და მარია კიურის. მათ პირველებმა შეისწავლეს რადიოაქტიური გამოსხივების ზემოქმედება ცოცხალ ორგანიზმზე, შემდეგ პრაქტიკაში დანერგეს სიმსივნურ უჯრედთან საბრძოლველად რადიუმის ნაერთებით დასხივება. ასე გაჩნდა მედიცინის ახალი დარგი - რადიოთერაპია, რომელიც დღეისათვის ფართოდ არის დანერგილი პრაქტიკაში, მაგრამ სამივე სახის გამოსხივება (α,β,γ-სხივების) მოქმედებს არა მხოლოდ სიმსივნურ, არამედ ჯანმრთელ უჯრედებზეც, ამიტომ ხდებოდა დასხივების დოზის მკაცრი შერჩევა. შემდგომში დაიწყეს ე.წ. რადიოპროტექტორების გამოყენება. გასული საუკუნის 30-იანი წლების ბოლოს გ. ლოჩერის მიერ მოწოდებულ იქნა ახალი მეთოდი - ონკოლოგიური წარმონაქმნის ნეიტრონების ნაკადით დასხივება. იდეა მდგომარეობს იმაში, რომ სიმსივნურ უჯრედში წინასწარ შეყვანილი სტაბილური იზოტოპის 10B-ის პრეპარატი მცირე ენერგიის ნეიტრონების ნაკადის შედეგად გარდაიქმნება 11B-ისრადიოაქტიურ იზოტოპად, რომელიც დაშლისას იძლევა 7Li-ს, α-ნაწილაკს და γ-კვანტს. ამ დროს მთავარ სამკურნალო ზემოქმედებას ახდენს γ-ნაწილაკები და 7Li-ის ბირთვები. მათი გარბენის სიდიდე მცირეა, ამის გამო ჯანმრთელი უჯრედები არ ზიანდება. ამ მეთოდმა მიიღო ბორ-ნეიტრონჩაჭერის სახელი. დღეისათვის შემუშავდა 10B-ის იზოტოპის შემცველი სხვადასხვა ორგანული ნივთიერება, რომლებსაც აქვთ სიმსივნურ უჯრედში შეღწევის მაღალი უნარი. მოხსენებაში განხილულია კარბორანისა და დოდეკაბორანის შემცველი ორგანული ნაერთები - მათი სინთეზისა და გამოყენების ზოგიერთი ასპექტი.