ka | en
Company Slogan TODO

თბილისის განაშენიანების (CA) მოდელირება რელიეფის აქტიური ტრანსფორმაციის ფონზე

ავტორი: ლელა გადრანი
საკვანძო სიტყვები: CA, GIS, SLEUTH, ურბანული დაგეგმარება
ანოტაცია:

თბილისი, როგორც უკვე ჩამოყალიბებული მეგალოპოლისი, გამოირჩევა მნიშვნელოვნად გარდაქმნილი გარემოთი, რომლის ტრანსფორმაცია და ეკოლოგიური პრობლემები მნიშვნელოვნადაა დაკავშირებული ურბანიზაციის პროცესთან, სადაც გადამწყვეტი როლი შეასრულა ადამიანის ხანგრძლივმა საქმიანობამ და განაპირობა თბილისის შემოგარენის თანამედროვე ლანდშაფტების მნიშვნელოვანი განსხვავება იმ ბუნებრივ-ტერიტორიული კომპლექსებისგან, რომლებიც აქ ხანგრძლივი დროის განმავლობაში ჩამოყალიბდნენ. თბილისის, როგორც დედაქალაქის ფუნქციონირებისთვის უმთავრესია მისი გეოგრაფიული გარემოს მდგრადობა, მისი ენდოგენური და ეგზოგენური ფაქტორებისა და პროცესების ჯეროვანი შესწავლა და გათვალისწინება ქალაქის განვითარების ტენდენციაში. უნდა აღინიშნოს, რომ თბილისის თანამედროვე ურბანული ქსოვილის ჩამოყალიბება მისმა რელიეფის თავისებურებამ განაპირობა, ამდენად რელიეფი თბილისის განვითარების ერთ-ერთი წარმმართველია და ნებისმიერი გადაწყვეტილება რომელიც ქალაქის სამომავლო დაგეგმვას ეხება პირდაპირ თუ ირიბად მორგებული უნდა იყოს მის რელიეფზე. თბილისის საქალაქო ტერიტორიის ფართობი მუდმივ ცვლას განიცდიდა და განიცდის. პრობლემა უფრო აქტუალური გახდა XXI-ე საუკუნის დასაწყისში. ბოლო პერიოდისათვის იგი 2.5-ჯერ გაიზარდა. თვალნათელი გახდა ადამიანის საქმიანობით გაზრდილი პრესინგი, ასათვისებელად გამოსაყენებელი მიწები სულ უფრო დეფიციტური და ძვირადღირებული რესურსი ხდება და დღის წესრიგში დგება სარისკო ფართობების ათვისება. თბილისის ტერიტორიის 2/5 განაშენიანებულია, ხოლო დანარჩენი ტრანსფორმირებულია. თბილისი მდებარეობს რთულ გეოლოგიურ და გეომორფოლოგიურ უბნებზე, ძალზე რთული ჰიდროგეოლოგიით, დამახასიათებელი აგრესიული მიწისქვეშა წყლებით, ამას ემატება მოსახლეობის მაღალი სიმჭიდროვე, თანაც სწორედ ყველაზე მეტად დაძაბულ უბნებში საკვლევი ტერიტორიის რელიეფი უკიდურესად ტრანსფორმირებულია ანთროპოგენური ზემოქმედებით, რომელიც მიმდინარეობს მრავალი საუკუნის მანძილზე და ეტაპობრივად ძლიერდება. ურბანიზაციის ზრდასთან ერთად ამ პროცესში ექცევა ახალი ტერიტორიები. რთული გეოეკოლოგიური პირობების გაუთვალისწინებლობამ, ტერიტორიების ათვისებამ სათანადო შეფასების გარეშე ძალიან ნეგატიურ შედეგებამდე მიგვიყვანა. დიდი დახრილობის ფერდობების ჩამოჭრამ, მშენებლობისა და საკომუნიკაციო ნაგებობებისთვის საყოფაცხოვრებო მასალით და ტექნოგენური გრუნტით ხევებისა და ჩაკეტილი დეპრესიების ამოვსებამ ქალაქის გეოეკლოგიური მდგომარეობის მკვეთრი გართულება გამოიწვია. აღნიშნულის პარალელურად ძალზე საინტერესოა ქალაქის განვითარების სამომავლო სცენარები, რისთვისაც არსებობს სხვადასხვა მოდელები. სამუშაოები შესრულებულია პროგრამებში ArcGIS, ENVI, PCI, Geomatica და Global Mapper. ქალაქის განაშენიანების მოდელირებისათვის ფართოდაა გავრცელებული CA-ზე (cellular automata) დაფუძნებული მოდელების გამოყენება. მათგან ყველაზე მოსახერხებელია SLEUTH-ის და მისი ვარიაციების გამოყენება, ამ შემთხვევაში ჩვენც გამოვიყენეთ SLEUTH-ი თბილისის სცენარისთვის. ინფორმაცია თითოეული ფაქტორის შესახებ დამუშავდა პროგრამა ArcGIS-ში. დემოგრაფიული სურათის წარმოსაჩენად გამოვიყენეთ მოსახლეობის აღწერის მონაცემები (1989, 2002, 2014). ყველა მონაცემის თავმოყრისა და ანალიზის შემდეგ მოხდა თბილისის განსახლების დროში და სივრცეში ცვლილებების ანალიზი და მოდელირება (1960-დან 1990 წლამდე, 1990 წლიდან დღემდე) აღნიშნულის შემდეგ კი შეიქმნა სამომავლო განსახლების სცენარი და ანიმაციური რუკა.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com